Aside

ბლექმეტალ სუტრა

17 Sep

თქვენ წინაშეა უძველესი ინდური სასიყვარულო ტრაქტატის თარგმანი სანსკრიტიდან.. სიყვარულის ობიექტად გვევლინება ბლექ მეტალი, მუსიკალური სტილი. ყველა ავთენტიკური ტრაქტატის მსგავსად ბლექმეტალსუტრაც სამ,ოცდაოთხ (64) პოზიციას აღწერს. თითოეული პოზიცია (და არა პოზა, როგორც ეს ბევრს ჰგონია) სიყვარულის აკტის განხორციელების თავისებურ ფორმას გამოხატავს და, შესაბამისად, ყველა პოზიცია მთლიანობაში ბლექმეტალის მიმართ აღვლენილი კანტატაა,  ტრაქტატის თარგმნისას მთარგმნელმა აღმოაჩინა, რომ ქართულ ენაში იმ სახელებს, რომელთაც ბოლოში ერთვის სუფიქსი” “სუტრა” განუყოფლად იწერება, ამიტომ ზემორე აღნიშნულმა პირმა ტერმინი ჩაწერა განუყოფლად და მთლიანად, “ერთი სიტყვით”. როგორც ჩანს ქართულად ბლექმეტალის შესახებ შექმნილი ტრაქტატის სახელი იწერება, როგორც “ბლექმეტალსუტრა”. სხვათა შორის ტრაქტატი წაიკითხა და თარგმნა ღმრთის გლახა ალექსიმ. ბლექ მეტალისა და მისი მსმენელის სიყვარული რთული და კომპლექსური ურთიერთობების მთელ სისტემას ქმნის, რომელიც ინტერნეტიდან mp3 ფორმატის ფაილის გადმოწერით, ან  კანცერტზე კონცერტზე მეგობრისთვის არგატეხვის მოტივით მისვლით იწყება და ხშირად სახელის, გვარის, სახის ნაკვთების, ორგანოებისა და მეობის შეცვლითაც კი სრულდება ხოლმე. მსმენელისა და ბლექ მეტალის ურთიერთობის საწყის ეტაპზე,  როგორც წესი , პარტნიორები თანაბარუფლებიანნი და თანასწორნი არიან a priori. სასიყვარულო აკტის დროს პარტნიორების პირადი გადაწყვეტილებების საფუძველზე იკვეთება ხოლმე დომინანტი. პარტნიორების სქესი ვლინდება არა გენიტალიების, არამედ სულიერი მდგომარეობის შესაბამისად_ამდენად ყურადღება მენტალურ სქესობრივ ნიშნებს უფრო ექცევა, ვიდრე იმას, არის თუარა ცხვირის ქვემოთ და ზედა ტუჩის ზემოთ არსებული ეპიდერმისის უბანზე სქელი თმის ბოლქვები (წაიკითხე ულვაში, ან მოპარსული ულვაშის კვალი) . ტემპერამენტის მიხედვით განარჩევენ 4 ტიპის პარტნიორს. ყურადსაღებია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი პარტნიორი, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის მახასიათებლების მატარებელს წარმოადგენს. თითქმის ყველა პარტნიორი მინიმუმ ორი ტიპის ნიშნებს ავლენს სასიყვარულო აკტის დროს.

#1 ტიპის პარტნიორებს პირობითად ეწოდებათ გამურულები  გლამურულები_ეს ადამიანები მაკიაჟთან და შავ-თეთრ საღებავებთან მეგობრობენ. ამასთან, ბლექმეტალს აღიქვამენ როგორც ალტერნატიულ ფეშენ ინდუსტრიას. მათთვის ბლექმეტალის კონცერტი ფეშენ უიქის ფარდი ღონისძიებაა, ჯგუფების გამოსვლა კი კონკრეტული დიზაინერის ფეშენ შოუს უტოლდება მნიშვნელობით; მათთვის დიმუ ბორგირის გამოსვლა ინფერნო ფესტივალზე შაგრატის, სილენოზის, ვორტექსის ჩაცმულობის, მანერების, კორსპპეინტის (Corsppaint) ან მაკიაჟის განხილვით იწყება და ზოგჯერ იქვე სრულდება. თავად, როგორც წესი იცვამენ ყველაზე ძვირადღირებული ტყავის, ან ხარისხიანი ლატექსის ტანსაცმელს, ტყავისგანაა შეკერილი მათი ფეხსაცმელიც, რომელთა ლანჩებიც ტანკის ან ტრაქტორის  მუხლუხებს ჰგავს. კონცერტებზე ხშირად კორსპპეინტით ჩნდებიან; აქვთ საუკეთესო ხარისხის ინსტრუმენტები_ შენახული საუკეთესო მდგომარეობაში და უმრავლეს შემთხვევაში გრძელი, საოცრად მოვლილი თმა. არის ტიპური მიზანთროპი, სძულს ქუჩაში ჯინსითა და მაისურით  გამოსული “სასტავი” “გლამურული” ტიპის მეტალისტი ძალიან ცოტაა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ადამიანები შემოსავლების სამოც  (60) პროცენტზე მეტს საკვებში ხარჯავენ და ტანსაცმლისა და პირადი ნივთებისთვის ფულადი სახსრების 20%იც არ რჩებათ.

#2 ტიპის მეტალისტებს ეწოდებათ ბოგანოები_დაუბანელი,  გრძელთმიანი ადამიანები, რომელთაც ხშირად ზედმეტად ბევრი ჯაჭვი უკიდიათ ჭუჭყიანი ჯინსის ჭუჭყიან შარვალზე. ასეთ ადამიანებს დაღლილი, გაბოროტებული გამოხედვა და შავი მაისური მოსავთ. მაისურს, რომელიც ასევე ჭუჭყიანია, უმეტესწილად აწერია Dimmu Borgir და მიხატული აქვს ამ სუბიექტის ( Dimmu Borgir  მთარგმნ შენ) რომელიმე ალბომის გარეკანი. წარწერა, ისევე როგორც ალბომის ქავერი, გაცრეცილია გაურკვეველი მიზეზების გამო. მაისურზე ზოგჯერ არაფერი წერია, მაგრამ ყოველთვის ამჩნევია გუშინდელი ნარწყევის, დღევანდელი ლუდის, ზეთის და/ან სხვა ათასი მსგავსი სუბსტანციის კვალი. ბოგანოს ზაფხულში კეტები აცვია, ზამთარში თბილი ბოტები. არ აკლდება ბლექმეტალის არც ერთ საზოგადო ღონისძიებას, კონცერტებზე, ფესტივალებზე და სარეპეტიციოებში სვამს ძალიან ბევრს. გამოირჩევა თეატრალური, არაგულწრფელი ფსევდობრუტალურობით. ამ ხელოვნურად შეძენილ თვისებას იგი შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს და გათვლილია მეტწილად საპირისპირო სქესის იმ ინდივიდებზე, რომელთაც ბრუტალური ადამიანები სურთ სქესობრივ პარტნიორებად. . ზოგიერთ შემთხვევაში ბოგანო ბრუტალურად იქცევა იმისთვის, რომ შეურაცხადის, “სპასობნი” მასტის დამცავი იმიჯი შეიქმნას, რაც მას “შარიან სასტავსაც” აარიდებს და გარკვეულ წრეებში პატივისცემას/დაფასებას მოუტანს. თუმცა ხელოვნური ბრუტალურობის  მთავარი სამიზნე მაინც სასურველი სექსუალური პარტნიორი და ამ საპატიო წოდების ფლობის მსურველი ადამიანების ჯგუფია, სწორედ მათთვის იქცევიან ბოგანოები განსაკუთრებულად ექსპრესიულად, უხეშად და ზოგჯერ უზრდელურადაც კი. ბოგანოს ინსტუმენტები არ აქვს, როგორც წესი. თუ აქვს, დალომბარდებულია, ან გატეხილი. იშვიათ შემთხვევებში ბოგანოებს საკუთარი გამართული ინსტრუმენტი აქვთ ხოლმე, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ბოგანოს ინსტრუმენტები სუფთა, მოვლილი და სათანადოდ შემონახული იყოს. კონცერტებზე ბოგანოები გამოირჩევიან სლემების, გინების, წინ მდგომის მიმართ კეფაში (ნებით თუ უნებლიედ) ფურთხების პრაქტიკით, რაც ბრუტალურობის გამოვლენის ერთგვარ ფორმადაც აღიქმება და უმრავლეს შემთხვევაში უზომო რაოდენობის იაფფასიანი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ერთიორად უფრო ექსპრესიული ხდება. სჯერათ, რომ 110-120 დეციბელზე ნაკლები სიმძლავრის ხმის მქონე მუსიკა ნამდვილი მუსიკა არ არის. მუსიკაში  ძირითადად აფასებს ხმაურს და “დრაივს”.. ოცნებობს საყოველთაო პოპულარობაზე და სურს ჰყავდეს “ჰამერი” თუ არა, “ჰონდა სივიკი” მაინც. სწორედ ბოგანოებს უშვებენ ხოლმე, ბენდის წევრები მოლაპარაკებებზე, სარეპეტიციო ფართის დაქირავების საკითხი როცა დგება წინა პლანზე. ამ საკითხში ბოგანო შეუცვლელია_შევაჭრების ნიჭი და ქოლერიკისათვის დამახასიათებელი აგრესიულობა მის სიტყვას ჯადოსნურ ძალას აძლევს, რომლის წინაშეც ყველა სარეპეტიციოს კარი ავტომატურად იღება. ზემოთ აღინიშნა, რომ ბოგანოს უმეტესად სხვისგან უწევს  ინსტრუმენტის თხოვება. ალბათ სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ ბოგანოები მეტწილად დრამერები და ვოკალისტები არიან. ამ ორი ამპლუას სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ თუკი გიტარის, ბასგიტარისა და კლავიშის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დამკვრელს “შუგეიზი” (Shoegaze) ხასიათი ჰქონდეს, დრამერი და/ან ვოკალისტი ვერ იქნება მასეთი. თუკი მაინც გიტარისტად ან ბასისტად გრძნობს თავს უინსტრუმენტო ბოგანო, მას უზრუნველყოფენ  ხოლმე ინსტრუმენტით, რომელსაც იგი უმოკლეს დროში აზიანებს და/ან ანადგურებს. შედეგად მწიფდება სკანდალი, იწყება ჩხუბი ინსტრუმენტის მფლობელთან და სხვა პირებთან. ბოგანო არ აღიარებს რომ მის მიერ ინტრუმენტის გაფუჭება ტრაგედიას წარმოადგენს და ცდილობს ხუმრობაში გაატაროს მომხდარი.. ბოგანოს საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა ვარირებს სადსისტური ქსენოფობიიდან მანიაკალური მიზანთროპიამდე.ბოგანოს სძულს ყველა და ყველაფრის გამო, მათ შორის საკუთარი თავიც.

#3. ტიპის მეტალისტები ყველა სახის სტერეოტიპს ამსხვრევენ, მათ დაერქვათ ინტელექტუალები_ განათლებული, ნაკითხი ერუდიტები, რომლებიც ბევრ წიგნს კითხულობენ (ძირითადად სამეცნიერო ფიქციას, მაგრამ ყველაზე ხშირად  მაინც ფენტეზის მკითხველები გვევლინებიან “მეტალისტ-ინტელექტუალებად”. როგორც წესი, ისინი ტოლკინის სამყაროსა და  ისტორიის ( განსაკუთრებით, შუა საუკუნეების) კარგი მცოდნეები არიან და ამით იწონებენ თავს. ასეთი ტიპის ადამიანები უმეტეს შემთხვევაში  ოფისის პლანქტონებთან გათანაბრებული ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, ან თავს აჯერებენ, რომ ბევრსმუშაობენ. ყველა შემთხვევაში, რვა-ათი (8-10) საათის მანძილზე სხედან რბილ სავარძლებში, ოთახის  ნორმალური ტემპერატურის პირობებში, ხშირად ჩართული აქვთ მუსიკა  და ინტერნეტი  (წაიკითხე: ფეისბუკი), ნაშუადღევის პირველ საათზე მიირთმევენ “ჯანქი” საკვების ორმაგ ულუფას (როგორც ჩანს, ერთს_საკუთარი თავისთვის, მეორეს კი საკუთარი ალტერ ეგოსთვის_ასეთია გაორებული ბუნების ბუნება) შემდეგ აგრძელებენ მუშაობას და “მუშაობას”. დღის ბოლოს  ყოველთვის გათანგული ბრუნდებიან სახლში და “სტრესის” მოსახსნელად ისევ კომპიუტერს მიმართავენ… ისევ “ფეისბუკს”, სადაც ინფორმაცია არ ილევა (მას , ანუ ფსევდოინფორმაციას და, შესაბამისად, მთლიანად ფეისბუკს ხომ ზუსტად იმავე სტილის “ინტელექტუალები ქმნიან!) ინტელექტუალი მეტალისტები აჯერებენ თავებს და სხვებს, რომ ინტერნეტში “ისე არ ერთობიან, როგორც სხვები”, მეტიც, ამ ტიპის ზოგიერთი ინდივიდი “დარწმუნებულია”, რომ “საჭირო ინფორმაციის” მოძიება, ელექტროწიგნების კითხვა, ათასგვარი ფილმისა თუ ვიდეორგოლის ნახვა აუცილებელია. “ინტელექტუალების” ალტერ ეგოც ოფისის პლანქტონის ფარდია და იდიც კომპიუტერთან იღამებს თვალებს. “ინტელექტუალებს”, როგორც წესი, ისევე სძულთ საზოგადოება და ადამიანი, როგორც სხვებს, მაგრამ ისინი მიზანთროპიას გულმოდგინედ მალავენ სხვადასხვა ტერმინებით, ევფემიზმებით, ალეგორიებითა და ხუმრობებით. “ინტელექტუალი მეტალისტები” ხშირად მამალი ტროლები არიან. განიცდიან ზედმეტი ან არასაკმარისი წონის პრობლემას, ხშირად ოცნებობენ, დღეში რამდენჯერმე  უჩნდებათ სურვილი დაწვნენ რბილ საწოლზე ან დივანზე, გამორთონ შუქი, ჩართონ მუსიკა (ძირითადად  თრუ და ატმოსფერიკ ბლექ მეტალი ფენტეზისა და შუასაუკუნეების  თემატიკის ტექსტებით) და საათობით “აღიქვან” “ჭეშმარიტება”, მაგრამ ახსენდებათ რა კომპიუტერი, თითქმის ყველა ინსტინქტი ეთიშებათ (მათ შორის თვითგადარჩენის) და იწყება დაუსრულებელი სერფინგი სოციალურ ქსელებში,, რომელიც კია სოციალური და რამე, მაგრამ პირველ რიგში ქსელია, და მხოლოს ამის შემდეგაა სოციალური.  “ინტელიგენტი მეტალისტი” იშვიათად დადის მეტალფესტებზე; თუკი მაინც გაბედავს, ის აუცილებლად მეგობრებთან ერთად მიდის, ძირითადად იმისთვის, რომ აღმოაჩინოს, ხაზი გაუსვას და საჯაროდ გაკიცხოს ის მახასიათებლები,  რომლებიც მის (“ინტელექტუალი მეტალისტის”) იდეალებსა და ესთეტიკურ გრძნობებს შეურაცხყოფს. მესამე ტიპის მეტალისტი მუსიკას უსმენს კომპიუტერთან, მანქანაში, ქუჩაში… მოკლედ ყველგან, გარდა იმ ადგილებისა, სადაც შეიძლება გულდასმით მოისმინო მუსიკა, სადაც  ყოველგვარი “გამფანტველი” გარემოება უგულვებელყოფილია ან საერთოდ არ არსებობს მსგავსი ფაქტორები. “ინტელექტუალი მეტალისტი” “ვერ ახერხებს” მუსიკის სათანადოდ მოსასმენად, “თუმცა კი უნდა”. ამით ის იმ “მართლმადიდებლებს ემსგავსება, რომლებიც ვერ ახერხებენ “მამაოსთან მისვლას და “ეკლესიურად ცხოვრებას, თუმცა კი ძალიან (!) უნდათ.” “ინტელიგენტი მეტალისტი” საუკეთესო ინსტრუმენტებს ყიდულობს, ვიდრე იყიდის,  ინსტრუმენტების მწარმოებელ ყველა  ფირმას შეისწავლის აარჩევს, იყიდის, მოიტანს სახლში, დაჯდება დასაკრავად, რომელიმე აკორდი აერევა, “ტრემოლო ფიქინგის” დამუღამებისას რიტმი შეეშლება მუსიკალური ფრაზის დამასრულებელ ტაქტზე და უცებ აუცრუვდება გული… ამიტომ მის ინსტრუმენტი არაა მაინცდამაინც გაკაწრული და მექანიკურად შეურაცხყოფილი, მაგრამ აშკარად ამჩნევია დროის კვალი მტვრის სქელი ფენის სახით. თუკი მაინც გამოავლინა შეუპოვრობა და გააგრძელა დაკვრის სწავლა, იგი უმრავლეს შემთხვევაში ტიპურ “შუგეიზერად” ჩამოყალიბდება

#4 ტიპის მეტალისტი ჭეშმარიტი ბლექმეტალისტია და მათ პირობითად ჭეშმარიტი ბლექერი, ან უბრალოდ ბლექერი  ეწოდება.  იგი თავის თავში მოიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილი ტიპის მახასიათებლებს და ამავდროულად რადიკალურად განსხვავდება სამივე მათგანისაგან. ჭეშმარიტი ბლექერი ყოველთვის სათანადოდ გამოიყურება, “მეტალისტურად”_აცვია ყოველთვის შავი ტანსაცმელი და თითქმის ყოველთვის გრძელი, ჭუჭყიანი თმა აქვს, მამრობითი სქესის ბოგანოსგან განსხვავებით, რომელსაც პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მოუვლელი წვერი უმშვენებს პირს, მამრობითი სქესის ბლექერი ცდილობს სახე გლუვი და ფერმკრთალი ჰქონდეს, როგორც ეშმას…   ბოგანოსაგან განსხვავებით, იგი არ ცდილობს მოიქცეს ბრუტალურად და არ აქვს მხეცური მანერები, თუმცა, ბლექერი გამოირჩევა ფანტასტიკური ირონიულობით,  მასთან ურთიერთობისას ადამიანები ბევრ უხერხულობას განიცდიან, მისი ხუმრობები ყოველთვის ბოროტია, მისი სააუბარი დამცინავი. ტროლინგის ნამდვილ დიდოსტატს ადვილად შეუძლია ინტელიგენტი მეტალისტის დატროლვაც კი, ბოგანოზე და გლამურუილ მეტალისტზე რომ არაფერი ვთქვათ. როგორც წესი, ბლექერი დიდ ინფორმაციულ ცოდნას ფლობს ბლექ მეტალის, ოკულტიზმის, სატანიზმის და ყველა სახის რადიკალური მსოფლმხედველობის თეორიებში. უმრავლეს შემთხვევაში ბლექერის ინფორმაციული ცოდნის მარაგი ამით ამოიწურება. ხშირ შემთხვევაში ბლექერი საშუალო ნიჭისა და კარგი ტექნიკის მქონე მუსიკოსია, რასაც მუყაითობითა და შეუპოვრობით აღწევს. ჭეშმარიტი ბლექერი ყველაფერს, რაც ბლექ მეტალს ეხება, პირველ ადგილზე აყენებს. მათი საუბრები მეგტობრებთან ქსენოფობიისა და მიზანთროპიის ზეიმია_განსაკუთრებული ზიზღი ახასიათებს მათ მიმართ, ვინც “მისიანი” იყო და ჭეშმარიტ გზას გადაუხვია. ანუ მის მიმართ, ვინც ჭეშმარიტი ბლექერი აღარაა, ვინც ულტრამემარჯვენე იდეები სხვა იდეებში გაცვალა, ვინც ბლექმეტალ სცენას ერთ დიდ სამყაროდ არ აღიქვამს, სადაც ყველაფერი მშვენიერია, ვინც არ აღიარებს,, რომ შვედური დეს მეტალის სცენა არაფერია ნორვეგიულ ბლექ მეტალ სცენასთან შედარებით, ვინც არ აღიარებს, რომ ამერიკული სცენა თავიდან ბოლომდე ნაგავსაყრელია, ვინც სატანიზმის ლიბერტარიანულ იდეებს არ იზიარებს, ვინც  ცხოვრების ჯანსარი წესით ცხოვრობს, ვინც დიდი რაოდენობის ზედმეტ ინფორმაციას ფლობს და იყენებს ცხოვრებაში… მოკლედ ყველას მიმართ, ვინც ჭეშმარიტ მეტალს უღალატა.. ჭეშმარიტი ბლექერი არასდროს საუბრობს თავისი ჯგუფის წევრებთან მშობლიურ ენაზე. თუ ქართველია, იგი საუბრობს რუსულად, თუ რუსია_საუბრობს ფინურად ან ძველ სლავურ ენაზე, თუ ფინელია_საუბრობს შვედურად, თუ შვედია_საუბრობს ინგლისურად, თუ ბრიტანელია_საუბრობს ნორვეგიულად, თუ ნორვეგიელია_საუბრობს ტროლების ენაზე, თუ ტროლია, საუბრობს ჟესტების ენაზე; თუ ჟესტია, საუბრობს ჟეშტების ენაზე…  მათი ინსტრუმენტი მეტწილად ნორმალურადაა ხოლმე მოვლილი და აუცილებლად აქვს იმის ნიშანი, თუ ვინ ფლობს მას.

Leave a comment