Archive | 12:23 AM

ფილიპ კინდრედ დიკი_პარანოიკი, რომელმაც ოცდამეერთე საუკუნე ააწყო

14 Sep

თქვენ წინაშეა მავანი ოფისის პლანქტონის ჩვენების სტენოგრამა, რომელიც ჩაწერილ იქნა 2112 წელს, იმ ღირსსახსოვარი Magnum Opus_ის გამოცემის ას ორმოცდაათი წლის თავზე, რომელმაც ცფილიპ კინდრედ დიკს ჰიუგო და ნებიულა მოუტანა. ოფისის ზემოთაღნიშნული პლანქტონი იმ პერიოდში ას სამოცდათხუთმეთი წლის მოხუცი იყო. იგი მეოცე საუკუნეში ათეული წლების მანძილზე  მუშაობდა გამომცემლობაში G. P. Putnam’s Sons და იმ მომენტისათვის ერთადერთ ცოცხალ მოწმეს წარმოადგენდა საქმეზე, რომელიც ფილიპ დიკის წინააღმდეგ აღიძრა. მოხუცს სუსტი ხმა, გაცვეთილი ნერვები და ცოცხალი თვალები ჰქონდა, საუბრობდა ჩუმად, თითქოს მშვიდად, მაგრამ ნერვიულად, სძულდა ოცდამეერთე საუკუნე, თან, ამ პერიოდის მიმართ ფარულ  სიყვარულსაც ავლენდა. მოკლედ, რთული პიროვნება გახლდათ, მაგრამ აღნიშნულ საქმეზე მის გარდა ვერავის მიიწვევდნენ სასამართლოში მოწმედ.  იმ პერიოდში (ოცდამეორე საუკუნის პირველ ორ დეკადაში) ხელისუფლების ყველა შტოს აუთენტისტ-რევიზიონისტული პარტია დაეპატრონა და შესაბამისად საყოველთაო  ლუსტრაციის გარდაუვალ პროცედურას ვერც მორალური პოლიციის მიერ დაკავებული წიგნები გადაურჩნენ. საქმეების სიმრავლისა და დანაშაულების შეკრების წესის გამო გადაწყდა, რომ იმ პროცესზე განხილულიყო ფილიპ დიკის ყველა წიგნის საქმე, საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრა  დანაშაულის ხანდაზმულობამ, მოწმეთა სიმწირებ და ბრალდების მიერ კლასობრივ-რასობრივი სეგრეგირებისა და ზიზღის გამოხატვის უფლების გამოყენებამ. ბრალმდებელმა პროკურორმა (ძნელადდასამახსოვრებელი გვარით “კონსოლი”)  საქმის ძიების დასაწყისშივე განაცხადა    ლიტერატურის, როგორც სოციალური კლასის მიმართ იმ პერიოდისათვის სავსებით კანონიერი, ქსენოფობიურ-სეგრეგაციულ დამოკიდებულების შესახებ და  ეჭვმიტანილებს კონოსკოპის საშუალებით ეკონტაქტებოდა. გადამწყვეტი როლი პროცესის შედეგის დადგომაში ითამაშა  მოწმის ჩვენებამ (სხვათა შორის ერთადერთმა ჰუმანოიდმა პროცესზე დამსწრე პირებს შორის_განსასჯელთა მარცხნივ მდგარ მანდატურს თუ არ ჩავთვლით), რომელიც პოსტკიბერნეტიკული  ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და დოკუმენტური პროზის უბადლო ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენება, რომელიც ძირითადად ხანგრძლივი მონოლოგის სახით მისცა მავანმა “ოფისის პლანქტონმა” და რომელიც პლასტიკატის კოსტუმში გამოწყობილმა  მშვენიერმა ალუმინისთვალებიანმა, სპილენძისთმიანმა მდივანმა ჩაწერა, თანამედროვე ენაზე გააწყო და დაარედაქტირა ღვთის გლახა ალექსიმ

კარგად მახსოვს მათი (განსასჯელების [რედ .შენ.] ) შემოქმედი_ ძალიან შთამბეჭდავი  ჰუმანოიდი იყო, მასზე ცალკე წიგნი უნდა შეიქმნას_დოკუმენტური, ამერიკულად დოკუმენტური “არაფიქცია”.. მახსოვს , როგორ შემოვიდა კანტორაში_ საშუალო სიმაღლის, დუნე, გაბურძგნული… დაღლილი თვალებით… ტანთ ისეთი ტანსაცმელი ეცვა, ყველა შემთხვევაში ჭუჭყიანს რომ ჰგავს.. ხელში ბევრი ფურცელი ეჭირა, რომლებზეც ლათინური ასო-ნიშნები იყო გამოსახული. ბეჭდური ასო-ნიშნებით აჭრელებული ფურცლები ისე ეკავა, რომ ყველა, ვინც ოფისში ვისხედით, ერთმანეთს ვუყურებდით და აზარტისათვის დამახასიათებელი დაძაბული ინტერესით ველოდით, როდის და როგორ დაეყრებოდა ფურცლები. იმ პერიოდში მეტნაკლებად ზუსტი გამოსახულების მისაღებად ფოტოგრაფიას ვიყენებდით, მაგრამ ფოტოგრაფია ვერასდროს აღბეჭდავს ადამიანს ისე ზუსტად, როგორც ხელნაწერი.. თქვენ ამას ვერ მიხვდებით.. მაშინაც ვერ ხვდებოდნენ ამას ხელმძღვანელები_ამიტომ ჰგავს დაბეჭდილი ტექსტის კითხვა მზის სათვალიან ადამიანთან საუბარს. მე მაინც დავიწყე ფურცლების კითხვა.  პირველი, რამაც გამიელვას გონებაში იყო აზრი, რომ ის, რასაც ვკითხულობდი, იყო ბოდვა; ამ ჟანრის ნაწარმოებები მანამდეც ბლომად მქონდა წაკითხული სამსახურეობრივი მოვალეობისდა გამო, მაგრამ ასეთი ბოდვა ჰაინლაინის  წიგნებშიც არ შემხვედრია.. წიგნს ერქვა The Man in the High Castle და წარმოადგენდა ორუელისეული ავადმყოფური იდეების  უფრო დახვეწილ ფორმას; ამასთან, უინსტონ სმიტის ნაცრისფერი ისტორიისაგან განსხვავებით, ჩემს ხელთ არსებული რომანის სიუჟეტური ხაზი ბევრად უფრო მრავალმხრივი და დამაინტრიგებელი მეჩვენა, ჯერ ერთი წიგნში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი  კვეთს ერთმანეთს და , ამასთან, მეტისმეტად არაპროგნოზირებადია ყველა გმირის ბედი, ფრენკ ფრინკის გარდა, ცხადია. ამდენად, აბსურდული სიუჟეტის მიუხედავად (და ფილიპის წიგნების მთავარი საერთო მახასიათებელი სწორედ აბსურდულობაა), წიგნი კარგად იკითხება და ასრულებს ფიქციის  მთავარ ფუნქციას_გაართოს მომხმარებელი. ფილიპ დიკის ამ დისტოპიას ჰიუგო აქვს მიღებული ( სწორედ ამიტომ ვარ შოკირებული და გაოგნებული, რომ ამ წიგნს ხელბორკილები ადევს) და ის ამას იმსახურებდა.

ჰიუგოს იმსახურებდა ასევე  რომანი “Do Androids Dream of Electric Sheep?”, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა ბრანერმა მოიგო ჰიუგო, ელექტრონული ცხვრები კი მხოლოდ ნებულაზე მოხვდა და მხოლოდ ნომინანტთა სიაში. არადა ელექტრონული ცხვრები ის წიგნია, რომელმაც მოახერხა სამოციანებში დაედასტურებინა ის, რომ კიბერპანკი, როგორც სამეცნიერო ფიქციის ჟანრი/სტილი შედგა და ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ამ ჟანრის ეს სახელი არ ჰქონდათ გამოგონებული. სწორედ ამ რომანმა დაუდო საფუძველი  განსაკუთრებულ ჟანრს კინემატოგრაფში.. ამ წიგნის მიხედვით შეიქმნა გენიალური შედევრი Blade Runner. საკუთრივ ფილმის  სხვა დროს ვისაუბრებ, წიგნი კი უთუოდ გენიალურია, ვერ ვხვდები, რაში სდებთ ბრალს, რა არ ახდა? განა საბჭოთა კავშირის დაშლამ დადებითთან ერთად კატასტროფული შედეგები არ მოიტანა განა? ცხელი წერტილები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, ჯიბუტიში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სომალიში, ერაყში, სერბეთში და ყველა სამხრეთსლავურ ქვეყანაში… შედეგად მილიონობით ლტოლვილი… შიდსი და შიმშილი აფრიკაში… შედეგად აფრიკიდან “ტვინების  გადინება” და ამის შედეგად აფრიკული ქვეყნების სრული, შეუქცევადი სტაგნაცია.. აპარტეიდის ზეიმი და ამ ძალადობრივი რეჟიმის დასრულების შემდეგ განხორციელებული არაოფიციალური ტერორი სამხრეთ აფრიკის ყველა თეთრკანიანის მიმართ. ტიანანმენი ჩინეთში, ცხელი სეპარატისტული წერტილების გაცხელება ჩრდილოეთ ესპანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, კორსიკაზე, ახლო აღმოსავლეთში…. მაგ დროს შეიქმნა ალ ყაედა, მაგ პერიოდში გაძლიერდა თალიბანი ავღანისტანში, მაგ დროს გაძლერდნენ მესამე თაობის დიქტატორები: თურქმანბაში, სულთანი ნურსულთანი, ბატკო, სადამი, ბაშარი, მუამარ ყადაფი… განა ეს საკმარისი არაა იმის აღსანიშნავად, რომ იმ პერიოდში დედამიწაზე კატასტროფა მოხდა? განა იმ პერიოდში არ შექმნეს პირველი ხელოვნური ცხვარი? განა ამ პერიოდში არ მოძლიერდა ჩვენში მერსერიზმი, რელიგია ზეკაცის შესახებ, რომელიც არის” სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი” და თუმც ამ რელიგიას ჩვენ სხვა სახელით ვიცნობთ დღესდღეობით, რეალურად, იგი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, როგორც პლაცებო, როგორც ასკორბინის მჟავა.. განა ჰუმანოიდების ძირითადი მასა ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული  ტიპური “მომხმარებელი” არ გახდა? განა არ გაიცრიცა საზღვრები მორალს, ეთიკასა და ინსტინქტებს შორის? განა არ გამრავლდა და არ გაზულუქდა “შეძლებული” არსებების კასტა? განა არ იქცნენ ისინი რომის იმპერიის დაცემის პერიოდის ( იგივე დომინატის)  რომაეულ “ნობილიტეტის” მსგავს ჰედონისტებად? და ამდენი  პლეიერი, გაჯეტი და აპარატი რას წარმოადგენს, თუარა პენფილდის მოდულატორს, რომელიც იდიოტიამდე მიჰყავს კომფორტის ძიების პროცესში დაბრმავებული, ფარული ფსიქოზით დაავადებული ყველა ჰუმანოიდი.. განა ნამდვილ ხორცს მიირთმევდნენ მომდევნო ათწლეულებში ადამიანები? ცხადია, არა! წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დაკნინებული რასა არვიქნებოდით დღეს, უკვე 2013 წელს პრობლემას წარმოადგენდა ევროპაში ბიო-საკვების ხელსაყრელ ფასებში შეძენა, გენმოდიფიცირებული საკვები ნატურალურზე სამჯერ იაფი ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითღირებულებაში გენეტიკური ინჟინერიისა და ქიმიური დანამატების ფასიც იყო ჩართული ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნატურალური ხორცი  ძალიან ცოტა, ძალიან  ძვირი და ძალიან სანუკვარი იყო უკვე 2016 წელს. ყველაფერი ახდა, მოხსენით ბორკილები ამ წიგნს!

როდესაც ჯორჯ  ლუკასმა პირველი ტრილოგია გამოუშვა კინოეკრანებზე.. მაშინ დასრულდა ვესტერნების, ნეორეალიზმების, მოქალაქე კეინებისა და ვატერლოოს ხიდების ეპოქა და დაიწყო ოცდამეერთე საუკუნის “რეპეტიცია” ოთხმოციანების სახით. ამ პერიოდში გარდაიცვალა განსასჯელების შემქმნელი, უფრო სწორად, ცხოვრებისაგან დაიღალა და  დაიწვა. სწორედ გარდაცვალების შემდგომ იქცა ის კონტრკულტურისა და მეინსტრიმის ნაწილად_ოთხმოციანებმა მისგან “კოკა-კოლა” შექმნა_პროდუქტი რომელიც პრაქტიკულად სამყაროსავით ძველია, მაგრამ არ სჭირდება რებრენდიგი და “განიავება”, იმიტომ, რომ არ ძველდება. მისი წიგნები საკულტო ფიქციად აქციეს და სწორედ მათზე დააფუძნეს შემდგომი “მეინსტრიმული არტი”, ასე შეიქმნა  Blade Runner_ რიდლი სკოტის ყველაზე და მსოფლიო პოპ-კულტურის ერთერთი საუკეთესო ქმნილება, რომელიც სამეცნიერო ფიქციის ერთერთ საუკეთესო კინოადაპტაციას წარმოადგენს ჩემთვის… ჰო, დამცინეთ! მე მაინც ასე ჩავთვლი ყოველთვის, თქვენ ვერასდროს აღიქვამთ იმ გროტესკულ ესთეტიკას, რაც მაშინ შექმნეს…

გასაგებია, რომ ღატაკი მწერალი ყველაფერს წერდა, რაც მას ალიმენტების გადახდაში  დაეხმარებოდა და ისიც მესმის რომ მისი ზოგიერთი ქმნილება არც უნდა გამოსულიყო მზის შუქზე, მაგრამ ფაქტია, რომ ფილიპ კინდრედ დიკი გულწრფელად წერდა, იგი ჭეშმარიტად განიცდიდა შიზოფრენიის შეტევებს და მისი სიურრეალისტური პასაჟები ბევრად უფრო ჰალალი და დამაჯერებელია თუნდაც სტივენ კინგის ნაწარმოებებთან შედარებით… პავლე მოციქულის რემინისცენციად წარმოჩენილი ბობ არკტორი ბევრად უფრო ახლობელია ჩემთვის  წყეულ სამოცდაათიანებში შექმნილ ყველა ფსიქოპათთან შედარებით. ფილიპ დიკის პროტაგონისტები გმირები არ არიან, თვით რიკ დეკარდიც კი, რომელიც კარტეზიანული იდეის (Cogito ergo sum) პერსონიფიკაციას წარმოადგენს (დიახ, დიკს ცუდუბრალოდ არ აურჩევია გმირის გვარად “დეკარდი”), ვერ გვევლინება შეუცდომელ არსებად, შეუცდომელები მხოლოდ ანდროიდები არიან, ანდროიდად ყოფნა კი გომბეშოსაც კი “ეზარება”.. ამის მიუხედავად ბობ არკტორი სიმპათიური პერსონაჟია, ისევე როგორც ჯო ჩიპი, ერთი შეხედვით არაფრისმაქნისი, ფაქტობრივად არარაობა, რომელიც ბედის მანქანებით ავლენს იმას, რაც სხვებისგან დაფარულია; ამასთან არ ხდება საკუთარი დასკვნებისა და აღმოჩენების მონა, აცნობიერებს რა  მთელი სამყაროს შესაძლო ილუზორულობას და საერთოდ “არსებობის არარსებობას”. საერთოდ Ubik (რომანი, რომლის პერსონაჟიცაა ჯო ჩიპი) უამრავი ფილმის “დედა” გახდა, თუმცა, არავის ახსენდება მისი ხსენება და დაფასება (არაფრით დააჯილდოვეს, არც ტირაჟი ჰქონია გასაგიჟებლად დიდი, არასდროს აღიარებენ, რომ დღეს რომ კინოკლასიკად ითვლება, ის ნაგავი, უნიჭოდ და უხარისხოდ გადმოღებული ქსეროასლებია) შარშანწინ მიშელ გონდრის კრეოგენულმა ტვინმა როგორც იქნა დაასრულა ამ წიგნის “გულწრფელი” ადაპტაცია, მაგრამ ფილიპ დიკისწიგნების მიხედვით გადაღებული ყველა ფრანგული კინოადაპტაციის მსგავსად ეს ფილმიც ვერ გასცდა ლ’ეგზაგონის საზღვრებს..

ფანტაზიაშეზღუდულმა და/ან წიგნების მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა მომხმარებელმა განსაკუთრებული აჟიოტაჟით მიიღო იმ პერიოდში და შემდგომ ათწლეულებში  გამოსული მულტიმედიური ფრენჩაიზების მთელი სერია, რომლებიც “მარველისა” და “დი-სის” პროდუქციის კონკურენტი გახდა, თუმცა “ორიგინალური ტიპების” სნობურ ბუნებას გულს უამებდა ის “ფაქტი”, რომ იმ პერიოდში შექმნილი ფრენჩაიზები “ორიგინალური”, ანუ “საავტორო” იყო და არ იყო კლასიკად ქცეული ნაწარმოებების “გადმოკატავებული” ვარიაციები. თუმცა,  როცა ფანტასტიკასა და ფენტეზის მხოლოდ  ბლოგბასტერებისა და ვიკიპედიის სტატიების დონეზე იცნობ   და , ამავბდროულად, წარმოსახვის უნარიც არ გივარგა, შეიძლება გეპატიოს ის, რომ და-ძმა ვაჩოვსკები ნოვატორებად მიიჩნიო (თუნდაც კომპიუტერულ გრაფიკაში) ან გეგონოს, რომ კრისტოფერ ნოლანმა თავისი უსაზღვროდ ბევრი ნაწარმოები საკუთარი ფანტაზიისგან  გამოადნო; ფაქტია, რომ ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია “სტარ უორზისა” და “ბლეიდრანერის” შემდგომი ზოგიერთი ქმნილება, მაგრამ ორიგინალობას ვერ დააბრალებ ნაწარმოებს, რომლის სიუჟეტიც მხოლოდ იმდენად განსხვავდება ადრე შექმნილი სხვა ნაწარმოებისგან, რომ პლაგიატში არ დაედოს ბრალი “ავტორს”

აქ ზის სამი ტყუპისცალი_VALIS, The Divine Invasion, The Owl in Daylight .. მე ვსვამ კითხვას_ რატომ არ შეიძლება ამ წიგნებს ვუწოდოთ აპოკრიფული საღმრთო წერილი? რატომ არ აქვს უფლება ფილიპ კინკრედ დიკს, დაწეროს საკუთარი სახარება, სადაც მესიას,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების შესაბამისად ემანუელი დაერქვა, სადაც იოსები ინჟინერია და არა დურგალი,  სულაც არ ჰქვია იოსები და უბრალო მცენარეა.. ეს სამეული სხვა სამეულს მაგონებს, იქაც ერთერთი არასრულად წარმოგვიდგება ხოლმე ხატებზე (გარეგნობას არ გვაჩვენებს სრულად) ან ისე ჰგავს დანარჩენ ორ ჰიპოსტასს რომ ვერც გაარჩევ, მოკლედ დაუსრულებელი და გაუგებარია…   The Owl in Daylight, ფაქტობრივად..

განსასჯელებიდან მე გამოვყოფდი რომანს Flow My Tears, the Policeman Said, ამ წიგნშიც უბიკის მსგავს სუბსტანციას “ათავსებს” სიუჟეტის ღერძის ადგილას, გვაყენებს რა მკითხველებს რეალურობასა და ფანტაზიას შორის არსებულ ვიწრო და რთულად ფეხმოსაკიდებელ საზღვარზე, რომელიც არაფრით განსხვავდება მჭრელი საგნის  ბასრი პირისაგან, თუმცა, ამ შემთხვევაში ფილიპ დიკი გვაძლევს სურათს სოციალური ადამიანისა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ “დააფგრეიდებული ადამიანია”, საბუთების გარეშე სრული არარაობაა, არაფერია. ერთ კონკრეტულ, განსაზღვრულ პლასტიკურ ბარათს კი იმაზე მეტი შეუძლია დღეს, ვიდრე ჯადოსნურ ჯოხს შეეძლო ზღაპრებისა და ლეგენდების ხანაში. წიგნში გატარებულია აზრი, რომ თუ სოციალურ ინდივიდს არ აქვს პირადი ნომერი, ის განწირულია დასაღუპავად და ამ დროს ერთი მხრივ ძალაუფლების მქონე პირების კეთილგანწყობის, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი პიროვნების საზოგადოებისათვის საჭიროების დამტკიცების გარეშე მას არა უბრალოდ გარდაცვალება, არამედ უსახელო სიკვდილი, ფაქტობრივი გაქრობა ელის საზოგადოების მეხსიერებიდან_რითი არ არის ეს წიგნი წინასწარმეტყველური?! განა ასე არ ვცხოვრობთ დღეს? თუ პირადი ნომრის ბარათს დაკარგავ, წყალსაც კი ვერ იყიდი…

ფილიპ დიკის წიგნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ყველას ახასიათებს რამდენიმე საერთო თვისება_თითეულ რომანში ხაზგასმულია ძალოვანი სტრუქტურების (უმთავრესად პოლიციის და სადაზვერვო სამსახურების) მნიშვნელობა მნიშვნელოვნობა საზოგადოების ყველა ტიპის ფორმაციაში . ამ მხრივ ფილიპ დიკი აშკარა სკეფსისს იჩენს ანარქიის იდეალებს მიმართ და უახლოვდება ანტიკურ პერიოდშივე ცნობილ მაქსიმას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ძალადობის აუცილებელ ფორმას წარმოადგენს და ძალოვან სტრუქტურებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მედიატორს, მონიტორსა და ეკზეკუტორს.. ფილიპ დიკის თითქმის ყველა წიგნში ვლინდება დაუოკებელი სურვილი, გამართლდეს პოლიცია და ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ყველა ტიპის უსამართლობას მოეძებნოს მყარი არგუმენტი და კეთილშობილური მოტივი (გინა მიზეზი) ჩემი ნათქვამის მაგალითად გამოდგება მსხვერპლად შეწირული არქტორი, იგივე აგენტი ფრედი (  რომანიდან A Scanner Dark) ფელიქს ბაკმანის პერსონაჟი (წიგნიდან  Flow My Tears, the Policeman Said ) და მისი ქცევა. იგი მიმართავს არაეთიკურ მეთოდებს საზოგადოების უსაფრთხოებისა და მორიგი შეთქმულების თავიდან აცილების მოტივით, ამასთან იგი არ ერიდება ამ მეთოდების აღწერასა და აფიშირებას მაშინ, როცა ის უფლებამოსილებას იხსნის. ეს ეპიზოდი გარკვეულწილად \თითქოს იმის ახსნას ემსახურება, რომ ფილიპ დიკს არ ჰქონდა მაინცდამაინც იდეალიზირებული წარმოდგენა ძალოვანებზე, თუმცა თავის ყველა წიგნში იგი ხაზს უსვამს რომ თვით დისტოპიურ სახელმწიფოში, ძალოვანების მიერ შევიწროვებული და ზოგჯერ უფლებაშელახული ცხოვრება სჯობს სტუდენტების ანარქისტულ კომუნებში ცხოვრებას, რომელიც განწირულია რღვევისა და დეგრადირებისათვის, ვინაიდან ფილიპ დიკის სამყაროში იქ,  სადაც არ ბატონობს კანონი, მძლავრობს ნარკომანია და “წამლის კულტი”. ყველგან, სადაც არაეთიკურობა ან უსამართლობა ჩნდება, ჩნდება წამალიც”; “წამალს” კი მოჰყვება დარღვეული ადამიანი. ასეთი ადგილებია კორპორაცია New-Path  (რომანი A Scanner Dark), სტუდენტური კომუნა (წიგნში Flow My Tears, the Policeman Said ), ანაბიოზის დანადგარები (Ubik) და ა.შ. “წამლისგან განადგურებულ ადამიანებს ფილიპ დიკი ხშირად ადარებს ბიბლიურ პერსონაჟებს, ან ალეგორიებს გვთავაზობს ბიბლიურ პერსონაჟებზე და შესაბამის თემებზე.. ვერ დასდებთ ბრალს დიკის წიგნებს ასოციალურ ბუნებაში, თუმცა, ფაქტია, რომ დიკის ყველა ძირითად პერსონაჟს აწეწილი პირადი ცხოვრება აქვს და თითქმის ყველა ნაწარმოების ფინალი ნაუცბათევად მოზელილს ჰგავს, ესეც ამ დაღლილი წვერებიანი კაცის ბიოგრაფიას უნდა დავაბრალოთ_პოლიციის დაკითხვებით შეწუხებული, ამფეტამინებითა და ჰალუცინოგენებით გამოფიტული, ოჯახური სკანდალებით, ყოფილი ცოლებითა და ვალებით გაწამებულს ეჩქარებოდა წიგნების დასრულება და ვალების აღება…

დიახ, ასე იქნებოდა უთუოდ,

კარგად მახსოვს მათი შემოქმედი!